2013 წლის 19 დეკემბრიდან 2014 წლის 19 იანვრამდე საქართველოს ეროვნული გალერეა მასპინძლობს ფესტივალ იბერიას, ’ლეიდენი, ისტორიის ფურცლები’. ესაა სახელგანთქმული ჰოლანდიელი ფოტოხელოვანის ერვინ ოლაფის ფოტონამუშევრების გამოფენა, რომელიც შთაგონებულია შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ფერწერით და ჰოლანდიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთით -ქალაქ ლეიდენის ალყა და გათავისუფლება 1574წ. ესპანელი დამპყრობლებისაგან.

2014 წლის ‘საუკეთესო ხელოვანად’ აღიარებულმა, მსოფლიო ფოტოხელოვნების მეტრმა -ერვინ ოლაფმა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით შეძლო შუქ –ჩრდილებისა და ფერების იმგვარი თამაში წარმოედგინა, როცა ფოტოგამოსახულება ერთდოულად კაშკაშაცაა და ბნელიც. შთამბეჭდავი პორტრეტები, ნატურმორტები და ლეიდენის წმინდა პეტრეს ტაძარში (Pieterskerk) გადაღებული მასობრივი სცენა კლასიკური ფერწერის ტრადიციების მიხედვით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ მუშაობის პროცესს არტ-პერფორმანსის სახე ჰქონდა და მასში ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა. ერვინ ოლაფის ამ ნამუშევრებით მსოფლიო ხელოვნებაში დამკვიდრდა განსაკუთრებული ჟანრი – 'ისტორიის ფოტოგრაფია'*.

სად: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი, რუსთაველის 11
როდის: 19.12.2013 – 19.01.2014, 10:00 – 18:00, სამშაბათიდან-კვირის ჩათვლით
მეტი ინფორმაცი: www.festivaliberia.nl

 

ერვინ ოლაფი

ერვინ ოლაფმა (1959) სახელი გაითქვა თავისი სოფისტური, გონებამახვილური სტილით, რომლითაც შესრულებულია მისი უაღრესად თანამედროვე ფოტოსერიები და ასევე კომერციული ფოტოები. მას სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული აქვს ათეულობით მთავარი პრიზი. ერვინ ოლაფი აღიარეს 2014 წლის ’საუკეთესო ხელოვანად’. მისი ფოტონამუშევრები ცნობილი ბრენდების - Heineken, BMW, Microsoft, Hennessey, Nokia, Levi’s, Diesel და ა.შ. სარეკლამო კამპანიებს ამშვენებს. ერვინ ოლაფის ნამუშევრებში იგრძნობა კლასიკური ხელოვნებისადმი არამარტო პატივისცემა და სიყვარული, არამედ – ღრმა ცოდნაც.
ერვინ ოლაფის ნამუშევრები მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი.